არჩევნებიახალი ამბებისტატიები

„მშვიდობიანი“ ორგანიზაცია ომის ქვეყნის ინტერესებით

ბოლო დროს რუსული გავლენების ზრდა შესამჩნევი გახდა, ამის შესახებ, როგორც ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.  ამ კუთხით, უჩვეულო გამოცოცხლებაა კახეთშიც, სადაც  რუსეთში მცხოვრები ქართველი ეროვნების  ბიზნესმენები გააქტიურდნენ.

 მათთან დაახლოებული ადგილობრივი მოქალაქეები კი,  სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ.  ორგანიზაციას, რომლის სახელწოდება მშვიდობაზე მიანიშნებს, ომის ქვეყანა აფინანსებს.

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია  ,,სახალხო დიპლომატიას“  მეზობელ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ან რამდენად შეუწყობს ხელს ქართული ბიზნესის ,,აყვავებას“  ქართველი ეროვნების რუსი ბიზნესმენების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, დანამდვილებით არავინ იცის.   სამაგიეროდ,  საქართველოში რუსული გავლენების ზრდაზე, რასაც  ქვეყნისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია,  როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ოპოზიციონერები ერთხმად საუბრობენ.

 რუსმა  ბიზნესმენებმა კახეთში მეორე ფლანგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაშალეს, სადაც  რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა , ,,რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში საინიციატივო ჯგუფი- ,,სახალხო დიპლომატია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის”- ჩამოაყალიბა.    ხომერიკი, ასევე, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში 15-მდე მოქალაქეს შეხვდა და განაცხადა, რომ  მისი  სტუმრობის მიზანია ქართველ და რუს ხალხს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ბიზნესმენ  მიხეილ ხუბუტიას მიერ მიწის ნაკვეთის შეძენას ადგილობრივ ოპოზიციონერთან ხმაურიანი დაპირისპირება მოჰყვა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ  კადრს მიღმა კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირება იყო, თუმცა, მისივე თქმით,  კარგია, რომ ეს საზოგადოებამ არ ნახა. ოპოზიციონერის განცხადებით, რუსეთი, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, ჩვენ ქვეყანაში რუსი ემისრების რაოდენობას ზრდის  და ამ პროცესს ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს:

  ,, რა ხდება საქართველოში, ის უნდა ვიკითხოთ,  იმაზე კი, თუ რას სჩადის ხელისუფლება, მხოლოდ კახეთის  მაგალითებითაც შეიძელება ვიმსჯელოთ.  რუსული ძალების გავლენის ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლი თავისი ემისრების რაოდენობის ზრდის კახეთში და მთელ საქართველოში. ესენი არ არიან ქართველი ბიზნესმენები, მათ მხოლოდ ეროვნება აქვთ  ქართული, სხვა- არაფერი. ხუბუტია  არის ადამიანი, რომელმაც  2008 წლის ომის შემდეგ (და 2008 წლამდეც რას აკეთებდა, ეს  ცალკე თემაა) გვერდით ეჯდა რუს გენერლებს და აცხადებდა, რომ  ომი საქართველომ დაიწყო. ეს  განცხადება არა მხოლოდ რუსულ მედიაში გაკეთდა:  2014 თუ 2015 წელს გადაცემა ,,რეაქციაში“  ის იჯდა ინგა გრიგოლიასთან ეთერში და  მკაფიოდ აცხადებდა, რომ  ომი საქართველომ დაიწყო.  მიხეილ ხუბუტია  არის ჩვეულებრივი, ტიპიური მოღალატე.  აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმეს ინვესტიცია  უნდა დაუშალოთ,  მთავარი ისაა, რომ ბიზნესი  არავის აინტერესებს და   რეალურად  სხვა  რამ  უნდათ ,“-აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

ვლადიმერ ხომერიკთან ერთად  ,,სოფლის მეურნეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი სუხოშვილიც იყო. სუხოშვილი ამბობს, რომ ხომერიკს კარგად იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე მის  ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ გეგმავს და არც ბიზნეს-ინტერესები აქვს.

  ,,რუსეთის გავლენა საქართველოზე დიდადაა გაზრდილი, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქართული ღვინის ბაზრის 65 პროცენტი რუსეთშია. ამავდროულად, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ როდესაც 2012 წლამდე კახეთი მაქსიმუმ 125 ათას ტონა ღვინოს ამუშავებდა, დღეს 240 ათას ტონას ამუშავებს.

ამიტომ გვინდა, არ გვინდა, ეს გავლენა მაინც გაიზრდება და ეკონომიკურად უფრო დამოკიდებულები გავხდებით. როდესაც ვინმე ერთზე ხარ დამოკიდებული, არასოდეს არ არის კარგი. რაც შეეხება ხომერიკს, მე მას ვიცნობ ძალიან ახლოს და კარგად, ეს არის და ეს. ამ ეტაპზე არანაირი ორგანიზაციის დაფუძნებას არ ვაპირებ, რადგან მაქვს ჩემი ორგანიზაციები. თქვენ იმის მომხრე ხართ, რომ რუს ტურისტებს, ან იმ ადამიანებს, ვისაც ომში მონაწილეობა არ მიუღიათ, საქართველოში შემოსვლა  ავუკრძალოთ?“-კითხულობს  გიორგი სუხოშვილი.

რუსული გავლენის ზრდის შესახებ განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არაერთხელ გაუკეთებიათ. ,,თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე ამბობს, რომ  ეს გავლენები, როგორც კახეთში, ასევე, სხვა რეგიონებშიც კარგად შეიმჩნება, რაც რუსული პროპაგანდის შედეგია. შარვაშიძის თქმით,

 ,,სამწუხაროდ, ჩვენ სახელმწიფო დონეზე ამ პროპაგანდის წინაშე ვერაფერს ვაკეთებთ. ეს არის ძალიან ფრაგმენტული, როდესაც მხოლოდ გარკვეული ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ პროპაგანდის  ფაქტები გამოავლინონ და ინფორმაცია გაავრცელონ.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ცალსახად ქვეყნის მთავრობის საქმიანობის  შედეგია.  ეს უფრო არის გაძლიერებული რუსული პროპაგანდის შედეგი, რაშიც თვითონ რუსული სახელმწიფო ბევრ ფულს ხარჯავს, არა მარტო, საქართველოს მიმართულებით, არამედ, მთლიანად კავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპაში.  აშშ-ის  დეპარატამენტმა  25 მლნ დოლარი გამოყო იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში რუსული გავლენების წინააღმდეგ დახარჯოს და ამ გახშირებულ და აგრესიულ პროპაგანდას  წინააღმდეგობა გაუწიოს“. 

როგორ ჩანს, კახეთში მესამე ფლანგი თელავშიც მალე გაიხსნება, რადგან  ვლადიმერ ხომერიკი თელავში სტუმრობასაც გეგმავს და რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერთა ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს.

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი