ახალი ამბებიგზა ევროპისკენსტატიები

საქართველოში პოლიტიკურ პროცესს მსოფლიო ეხმაურება

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას და მოლაპარაკებათა ჩაშლას ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. 

ევროკავშირი აცხადებს, რომ ყურადღებით სწავლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი ლიდერის გიგი უგულავას წინააღმდეგ.

“ამ განაჩენის გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური სიტუაციის საჭირო დეპოლარიზაციისკენ მიმართული პოლიტიკური დიალოგის წინ წაწევას. სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა და კანონის უზენაესობა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი აუცილებელი ვალდებულებაა”, – ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

 

ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორის, არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, რობერტ ჰამილტონის თქმით, მას არ ახსენდება სხვა შემთხვევა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები ან სენატორები საქართველოს საჯაროდ და “ასე კრიტიკული წერილებით მიმართავენ”. ამის შესახებ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაბურა.

“როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს თავისუფლად ველაპარაკოთ და სიმართლე ვუთხრათ. შეერთებული შტატები დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ერთგული რჩება. როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ”, – აღნიშნულია “ამერიკის ხმის” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ინტერვიუში, ჰამილტონი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ამერიკელი კონგრესმენების მიმართ გაცემული პასუხი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” არცთუ ისე სერიოზულად აღიქვამს კონგრესმენების წერილებს, სიტუაციის დალაგებაში ხელშემწყობი ფაქტორი არაა.

“მე რომ საქართველოს მთავრობაში პოლიტიკის მწარმოებელი ვიყო, ამ პუნქტებიდან სათითაოდ ყველას გავცემდი პასუხს და მათ ჩემს ამბავს დავანახვებდი. კონგრესში თანხების განაწილების კანონპროექტები ხშირად შედის. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს სასურველ დონეზე მოქნილი, კონგრესში მხარდაჭერის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის საჭიროა იმ მოკავშირე და გავლენიან კონგრესმენებთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომლებიც საქართველოს ყურადღებას აქცევენ. მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და უპასუხონ წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ”, – წერია ინტერვიუში.

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აკრიტიკებს გიგი უგულავას დაკავებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს:

“ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით. ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავას 10 თებერვალს  დააკავეს. მას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.