ძლიერი ყინვის გამო თელავის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩა
ძლიერი ყინვის გამო, თელავის მოსახლეობის ნაწილს, გრაფიკით გათვალისწინებული სასმელი წყალიც არ მიეწოდება.
ადგილობრივების თქმით, მესამე დღეა, სასმელი წყალი მათ საცხოვრებელ ბინებამდე ვერ აღწევს.
„ორი საათით გვაქვს წყალი. მესამე დღეა, ისიც არ არის. თუ ასე გაგრძელდა, არც ვიცით რა გამოსავალი მოვძებნოთ და წყალი საიდან მოვიტანოთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, თამარ ჯაშიაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ჯონი ოსიაშვილი ადასტურებს, რომ ყინვამ, სასმელი წყლის გრაფიკით გათვალისწინებული მიწოდებაც შეაფერხა.
„ძლიერი ყინვის გამო, დრენაჟებში წყლის შემოდინებამ ძალიან დაიკლო. განსაკუთრებული პრობლემა თელავში, კავკასიონის დასახლებაში შეიქმნა, სადაც მაღალსართულიანი კორპუსებია. ვისაც ძალიან უჭირს, ცისტერნებით მიგვაქვს წყალი“, – განაცხადა ოსიაშვილმა.
მესამე დღეა, ღამის საათებში, თელავში ჰაერის ტემპერატურა -8 -10 გრადუსამდე ფიქსირდება.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი