დედოფლისწყაროში მომუშავე კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები კომპანიის სათაო ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ
დედოფლისწყაროში მომუშავე ნავთობის მომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები ხვალ სათაო ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, აქციაზე ყოფილი თანამშრომლები კომპანიას სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ.
„ხვალ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შევიკრიბებით თანამშრომლებთან ერთად, რომლებსაც უკვე გადაადგილების საშუალებაც აღარ აქვთ. ფაქტობრივად, ამ ადამიანებს სიცოცხლის უფლება აქვთ წართმეული.
რომ არა პროფკავშირები, ძალიან მაინტერესებს რით უნდა იარსებონ. პასუხი გაგვცეს კომპანიამ ან ნებისმიერმა პასუხისმგებელმა პირმა. ამ ხალხს არაფრის საშუალება აღარ აქვთ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ეს ხალხი „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ოფისთან მივიყვანოთ, რათა მათ პროტესტი გამოხატონ. ეს არ იქნება ერთჯერადი პროტესტი, აუცილებლად მივიყვანთ ამ ყველაფერს გამარჯვებამდე”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” თანამშრომლებისთვის 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას გეგმავს. კომპანიის მენეჯერი გიორგი ჯანიაშვილი ამბობს, რომ “ფრონტერა” მოიძიებს თანხებს და გათავისუფლებულ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას სრულად აუნაზღაურებს.
კომპანია “ფრონტერას ” 80-ზე მეტი თანამშრომლის 11 თვიანი დავალიანება ჯამში 1 მილიონ ლარამდე შეადგენს. თანამშრომლებმა კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს ერთი თვის წინ მიმართეს, 24 იანვარს კი დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობაზასთან აქცია გამართეს.
“ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სანამ ხელფასი არ ჩაერიცხებათ, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.