რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ლაგოდეხში საინიციატივო ჯგუფი დააარსა
რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, “რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში საინიციატივო ჯგუფი ,,სახალხო დიპლომატია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის” ჩამოაყალიბა.
ვლადიმერ ხომერიკი ასევე ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში 15-მდე მოქალაქეს შეხვდა. მისი განმარტებით, სტუმრობის მიზანია ქართველ და რუს ხალხს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობა.
ხომერიკის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიზანია სახალხო დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ტურისტული, ეკონომიკურ-კულტურული და სასწავლო პროგრამების განვითარებას.
,,ორგანიზაცია მთავარ მიმართულებად ისახავს რუს და ქართველ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას და განვითარებას. მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იქმნება. ლაგოდეხელთა საინიციატივო ჯგუფის შეკრებას ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც ესწრებონენ.
ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომელთაც მეც უნდა დამიცვან, პირდაპირ გამოვიდნენ და თქვეს, რომ მე არ უნდა შემომიშვან საქართველოში, მაგრამ თქვენ ალბათ ნახეთ, მთავრობისგან რა ჯანსაღი რეაქცია იყო.
მთავრობას მშვენივრად ესმის, მე რასაც ვაკეთებ. მე ცუდს რომ ვაკეთებდე, საქართველოში მართლა არ შემომიშვებდნენ. მე რასაც ვაკეთებ, ეს არის სიკეთე მთავრობისთვისა და ხალხისთვისაც“, – აცხადებს ვლადიმერ ხომერიკი.