ახალი ამბები

ყვარელსა და გურჯაანში ცხოველთა მიმართ სისასტიკის ფაქტები გამოვლინდა

ყვარელსა და გურჯაანში ძაღლები და კატები თოფიდან გასროლით მოკლეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივები და თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რეგიონებში მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება.

,,ორი დღის წინ ყვარელში, შუა ქალაქში, თოფით ქუჩას მიკედლებული ძაღლები დახოცეს. ჩვენი ინფორნაციით, რამდენიმე დაჭრილი ძაღლი გაიქცა, მაგრამ ერთ ძაღლს, რომელიც ჩვენს თავშესაფარში შემოიყვანეს, გულში მოხვდა ტყვია და გაქცევა ვერ მოახერხა. მკვლელმა კი ძაღლი იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო.


მეორე დილით ეკლესიაში მიმავალ ერთ ქალბატონს ნაგვის ურნიდან ხმა შემოესმა, მივიდა და საშინელი სანახაობის შემსწრე გახდა. ამოიყვანა ძაღლი ურნიდან, გამოიძახა პოლიცია და ცხოველთა დამცველებთან ერთად ტაქსით ჩვენთან გამოაგზავნა სიკვდილის პირას მისული ძაღლი”, –
აცხადებენ ცხოველთა თავშესაფარში.

მსგავსი ფაქტი მოხდა გურჯაანშიც, სადაც, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით კატები დახოცეს.

,,სამარცხვინო ფაქტი მოხდა გურჯაანში. შინაურ ცხოველებს, კატებს კლავენ ტირის თოფით გართობის მიზნით. ჩემს მეგობარს მესამედ მოუკლეს კატა. ეს რეალობაა სხვა სოფლებშიც”, – წერს სოციალურ ქსელში თელავში მცხოვრები თამარ მიქელაძე.