ახალი ამბები

ჩინეთიდან ტურისტების რიცხვი შემცირდა

კორონავირუსით გამოწვეული საერთაშორისო ზომებიდან გამომდინარე, ბიზნეს გამოცემები მიუთითებენ, რომ ჩინეთიდან ტურისტების რიცხვის შემცირება სახეზეა.   ჩინეთიდან  ტურისტების რიცხვის შემცირება საქართველოშიც არის მოსალოდნელი. 

“wyndham grand Tbilisi”-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანიას წელს მოლოდინი ჰქონდა ჩინეთის ბაზრიდან ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდონების შემოდინებაზე, თუმცა კორონავირუსის შედეგად კერძო სექტორის წამომადგენლები სერიოზულად დაზარალდნენ.

გიორგი დოლიძის თქმით, ჩინელი ტურისტების ყველა ჯავშანი, გაუქმებულია.

მიმდინარე კვირაში გავაცილეთ ბოლო ჯგუფი, რომელიც ჰონგ–კონგიდან ჩამოვიდა ჩვენთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის არცერთი ტურისტი არ გვყავს ამ ქვეყნიდან და ვფიქრობ, რომ თუ გაგრძელდა მსგავსი ტენდენცია, მაშინ საქართველოში ათობით ათასი დოლარის ზარალზე გავალთ.

მთლიანობაში, რომ შევაჯამო, სასტუმროში, მთელი წლის განმავლობაში, 600-დან 800 ღამემდე ჯავშანია გაუქმებული და მათი ჩამოსვლის არც მოლოდინები გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ უქმდება ავიარეისებიც. დაახლოებით 30 მილიონ ტურისტს აეკრძალა ჩინეთის მთავრობიდან ქვეყნის დატოვება, რათა შეიზღუდოს ვირუსის გავრცელების არეალი.

აღვნიშნავ, რომ მთავარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მოსახლეობის ჯანმრთელობაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ვიზრუნოთ ამ ფაქტზე და დავძლიოთ პრობლემები”, – აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2001-დან 2018 წლამდე 1300%-ით იყო გაზრდილი ჩინელი ტურისტების მიმოსვლა მსოფლიო მასშტაბით. მათი ტოპ–მიმართულება იყო ამერიკა და შემდეგ – ევროპის ქვეყნები.

საქართველოში ჩინეთიდან ტურისტების შემოდინება სხვა ქვეყნებთან შედარებით გასულ წლებშიც  დაბალი იყო, თუმცა ჩინელი ტურისტები, როგორც ყველაზე მხარჯველობითუნარიანი ვიზიტორები, ტოპ ათეულში შედიოდნენ.