ყვარელში ,,ღვინის სოფლის“ პროექტის ფარგლებში 50 სახლი აშენდება
ყვარლის მუნიციპალიტეტში ,,ღვინის სოფლის’’ პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, ეთნოელემენტებით გაჯერებული 50 სახლი აშენდება.
პროექტს კომპანია 7S ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 3.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ,,ღვინის სოფლის“ დანიშნულება რეგიონში ტურიზმის განვითარებაა.
,,ღვინის სოფლის“ პროექტის განხორციელება 3 თვის წინ დავიწყეთ. 5 ჰექტარზე გაშენდება 50 სახლი, რომელსაც ექნება საკუთარი ვენახი. სახლების დიზაინი სხვადასხვა იქნება, თუმცა ფაქტურები იქნება იგივე, თეთრი სახლები წითელი აგურით გაფორმებული და ქართული კრამიტით გადახურული.
სოფელი ინფრასტრუქტურულად მოწყობილი იქნება. ამ ეტაპისთვის დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოები და პირველ ნაწილში წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მინიმუმ 1 მილიონი ლარის ინვესტიციას მოვიზიდავთ. საწყის თანხას ჩვენ ჩავდებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, შემოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ამ სახლების მესაკუთრეები გახდებიან.
ამ ეტაპისთვის 12-მდე სახლი არის დარეზერვებული, პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამკვეთებთან, როგორი პროექტით სურთ აშენება.
სახლებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულება 60 000-დან 100 000 დოლარამდეა, ხოლო სახლების ფართობი 60-დან 120 კვ.მ-მდეა. გვინდა, შევქმნათ თანამედროვე, ტურისტულად მიმზიდველი სოფელი ქართული ელემენტებით “, – აცხადებენ კომპანიაში.