თენგიზ სიმაშვილი – გიგოს გორაზე მემორიალური სკვერის გახსნას საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისია მხარს უჭერს
თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური სკვერისა და ქალაქის ტერიტორიაზე, ყოფილი ,,პოლიტბიუროს“ შენობაში მემორიალური მუზეუმის გახსნას საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისია მხარს უჭერს’’,- აცხადებს ინიციატივის ავტორი, ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოში შეტანილი ინიციატივა განიხილეს, რომელსაც კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე ,,გიგოს გორის” ტერიტორიის საპარკო-სარეკრეაციო და რეპრესირებულთა მემორიალურ პარკად ქცევის და ე.წ. ჩეკა-ს შენობის გამოსყიდვის და ამ შენობაში რეპრესირებულთა მუზეუმის განთავსების შესახებ, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეტანილი განცხადების განხილვა გაიმართა.
სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და კომისიის წევრების ერთულოვანი მხარდაჭერა იძლევა იმის იმედს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო შემდგომში ასევე ერთსულოვანი იქნება აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტაში.
უღრმესი მადლობა კომისის ყველა წევრს მხარდაჭერისთვის როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიებიდან. ისტორიულ მეხსირებას არ შემორჩება და იდეის ავტორი თუ მკვლევარი, რჩება გადაწყვეტილების მიმღები და განმახორციელებელი.
შეხვედრის დასასრულს, საბოლოოდ გადაწყდა ის, რომ ამ საკითხს კომისიის წევრები დააყენებენ საკრებულოს წინაშე, სადაც გოგოს გორაზე და მის ისტორიაზე გადაღებულ ფილმს ვუჩვენებთ, წარმოვადგენთ ასევე ჩვენს ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტურ მასალებს’’,- განაცხადა თენგიზ სიმაშვილმა.
ისტორიკოსი ამბობს, რომ ინიციატივის განხორციელების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ გიგოს გორა და ე.წ. ჩეკას შენობა გახდება ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი.
,, გიგოს გორა თუ იქცევა რეკრეაციულ, რეპრესირებულთა მემორიალურ გორად, სადაც იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ე.წ ჩეკას შენობში გაკეთდება მუზეუმი, ეს იქნება მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტი თელავისთვის’’,- აღნიშნა თენგიზ სიმაშვილმა.
1920-1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიებს თელავში ბევრი პატრიოტი შეეწირა. მაშინ მოქალაქეები, რომლებსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად რაცხავდნენ, დასახვრეტთა სიაში შეყავდათ და თელავში, გიგოს გორაზე ხვრეტდნენ.
ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი საბჭოთა რეპრესიების დროს გარდაცვლილი თელაველების ისტორიას წლებია სწავლობს. პროდესორი არქივიდან იძიებს და იკვლევს სხვადასხვა დოკუმენტს. სიმაშვილი მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით თელავს დიდი შესაძლებლობები აქვს.