გურჯაანის მერია 2 ავტომობილის შესაძენად 60 ათას ლარს დახარჯავს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2 ავტომობილის შესაძენად 60 ათასი ლარი გამოიყო. საკითხი მერიამ საკრებულოს სხდომაზე გაიტანა.
“ნაციონალური მოძრაობიდან” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, თემურ ბუწაშვილის თქმით, თავიდან 1 ავტომობილს შეძენა იყო დაგეგმილი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს უნდა მომსახურებოდა.
მისი თქმით, მან ეს საკითხი გააპროტესტა, რის გამოც მერიამ მიდგომა შეცვალა.
,,გუშინ ჩატარებულ საკრებულს სხდომაზე მერიამ დეპუტატებს მოსთხოვა თანხმობა მერისთვის 60 000 ლარად ღირებული ავტომობილის ყიდვის თაობაზე. საკრებულოს 24-მა წევრმა საკითხს მხარი დაუჭირა.
მერმა სამსახურებრივი ავტომობილი პირადად დაამტვრია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და ამიტომ დადგა ყიდვის აუცილებლობა. ეს არის თავხედობა მინიმუმ და მაქსიმუმ საერთო სახალხო ინტერესების უგულველყოფა.
ჩემი პროტესტის და საზოგადოების ხმაურის ფონზე, გუშინვე გაავრცელა მერიამ განცხადება,რომ ავტომობილის ყიდვა არ იგეგმება და ეს არის სიცრუე, რაც მათი მხრიდან არის უნიჭო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის.
საჯარო სივრცეში, სესიაზე შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც როგორც ტელევიზიამ ასევე ბეჭდურმა მედიამ გაავრცელა უარყო მერიამ, რაც მიმაჩნია, რომ არის გაუგონარი თავხედობა”, – განუცხადა knews.ge-ს თემურ ბუწაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია და უწყება არა ერთის, არამედ ორი მანქანის შეძენას აპირებს, რომელიც მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს მოემსახურება.
,,2020 წლის ბიუჯეტში მანქანების შეძენისთვის გათვალისწინებულია 60 000 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ გურჯაანის მერიის ავტოპარკი არის გასაახლებელი და 90 -იან წლებში გამოშვებული გაუმართავი მანქანებით გადაადგილდება ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახური. ავტომობილები მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველიბისთვის სჭირდება აღნიშნულ სამსახურებს. გავრცლებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1 მანქანა მერის პირადი მოხმარებისთვის უნდა შეგვეძინა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ვგეგმავთ შევიძინოთ 2 მაღალი გამავლობის მანქანა. სავარაუდოდ შეიძლება მოგვივიდეს დამატებით ორი მანქანაც თუ კონსოლიდირებულ ტენდერს შევუერთდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გაცილებით იაფად შევიძინოთ მანქანები ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ცალკე გამოვაცხადოთ აღნიშნულ საკითხზე ტენდერი”,- განუცხადა Knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.