ახალი ამბებითვითმმართველობასტატიები

თელავში წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

თელავში წყლის პრობლემის მოგვარებას და გრაფიკის გაუმჯობესებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ, თუმცა მის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს.

მათი განმარტებით, წყალი ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მოდის, რაც არასაკმარისია, რადგან საჭირო მარაგის აღებას ვერ ახერხებენ.

,,ძალიან ცუდ დღეში ვართ. წლებია უწყლოდ ვართ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე არ ვიცით. ვითხოვთ შესაბამისი სამსახურები ამ საკითხით დაინტერესდნენ და პრობლემის მოსაგვარებლად დაიწყონ მუშაობა’,- განუცხადეს knews.ge-ს თელავში მცხოვრებლებმა.

ადგილობრივების თქმით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ.

,,ქალაქში რომელსაც შუაზე ყოფს ღვარცოფული მდინარე, არ აქვს წყალი. თელავი რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია, წყლის გარეშეა დარჩენილი. გრაფიკით კი არა ხშირად კვირობით არ მოდის წყალი. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის და წყალმომარაგების კომპანიის უპასუხისმგებლობლობაა’’,– განუცხადა Knews.ge-ს ადგილობრივმა მაკა მოსიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულებაა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის ოფისის მენეჯერი შალვა ლაჩაშვილი განმარტავს, რომ პრობლემა წყლის დებეტის სიმცირემ გამოიწვია.

,,სისტემა გამართულია, პრობლემას კი ქმნის ის, რომ წყლის მარაგი გვაკლია. ამინდზე ვართ დამოკიდებულები, სიცხეებია, ნალექი არ მოდის და ყოველდღიურად ცოტა მარაგს ვიღებთ წყლის. წინა წელს ამ დროისთვის მარაგი 800 კუბამდე გვქონდა, ახლა კი 240 გვაქვს.

რაც შეეხება წყლის გრაფიკს, როცა დებეტი ნაკლებია, საათობით ხდება წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის ქალაქ თელავის ზედა მხარეს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო ქვედა მხარეს 18:00-დან 11 საათამდე მიეწოდება წყალი. ზოგ უბნებში წყალს ვაწვდით დღეგამოშვებით. თუ მოხდება მარაგების შევსება, წყალმომარაგება სრულად აღდგება და პრობლემაც მოიხსნება’’,– განუცხადა Knews.ge-ს შალვა ლაჩაშვილმა.

ავტორები: თიკო ქოქიაშვილი, თორნიკე ხალხელაური, მაკა ხაზიური