კახეთში გრიპის ვაქცინაცია 7 000-მდე პაციენტმა ჩაიტარა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული ოფისის მონაცემებით, კახეთში გრიპის ვაქცინაცია 7 000-მდე პაციენტმა ჩაიტარა.
კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მარაგში არსებული 7 000 ვაქცინიდან უმეტესობა ამ დროისთვის უკვე გახარჯულია.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციაზე მოთხოვნის რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება, რაც გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების გართულებას უშლის ხელს.
,,გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი კახეთში 13% -ით არის გაზრდილი. გრიპის ვაქცინაცია მოთხოვილი გვქონდა 7 000 დოზა, რომელიც თითქმის სრულად არის გახარჯული კახეთის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ჩვეულებრივ რისკ ჯგუფებს მიმდინარე წელს დაემატა დიაბეტით დაავადებულების და ასევე ბაგა-ბაღების აღსაზრდელების და მასწავლებლების ვაქცინაცია. სწორედ აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები არიან აცრილები გრიპის ვაქცინაციით’’,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, გრიპის წამალი ,,ტამიფლუ“ ბოლო კვირის მონაცემებით, კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ლაგოდეხშია გაცემული.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, რაიონულ ცენტრებს ,,ტამიფლუს“ 2 285 ერთეული აქვთ მარაგში.