კახეთში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი 13% -ით არის გაზრდილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული ოფისის მონაცემებით, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი კახეთში 13% -ით არის გაზრდილი.
კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ 2019 წლის დეკემბრის თვის ბოლო კვირის მონაცემებით, ექიმთან 4 751 ვიზიტიდან, 747 გრიპს და გრიპისმაგვარ დაავადებებს შეეხებოდა.
მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი მიზეზით ჰოსპიტალიზებული 801 პაციენტიდან 109 გრიპის შემთხვევა იყო.
,,გრიპზე ზედამხედველობა ყოველწლიურად მიმდინარეობს, იწყება ოქტომბრის თვიდან და გრძელდება მეორე წლის აპრილის ბოლომდე.
წინა წლებთან შედარებით, ახლანდელი მონაცემები არ არის განსხვავებული. გრიპით დაავადების შემთხვევების მატება რათქმაუნდა არის, თუმცა ეს არ ატარებს ეპიდემიურ ხასიათს.
მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც 2017 და 2018 წლებში მომატებულია ასევე გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი 13% -ით. გარდა ამისა, სრული ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც გაზრდილია. ნებისმიერი მიზეზით ჰოსპიტალიზებული 801 პაციენტიდან 109 გრიპის და გრიპისმაგვარ დაავადებებს შეეხებოდა.
რაც შეეხება მსუბუქ შემთხვევებს, რომელიც არ ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, წინა წელთან შედარებით ნაკლებია. ნებისმიერი მიზეზით ექიმთან ვიზიტის 4 751 შემთხვევიდან, გრიპით დაავადებულთა რაოდენობა 747-ი იყო. აღნიშნული შემთხვევების რაოდენობა არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური მატება, რომელიც ყველა წელს ხდება ხოლმე.
რაც შეეხება თელავს, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით აქ ყოველთვის მეტია გრიპის შემთხვევების და ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა, რადგან მოსახლეობაც მეტია და აქ მდებარე ბავშვთა საავადმყოფოში ახმეტიდან, ყვარლიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოდიან სამკურნალოდ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.