1 იანვრიდან ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედდა
პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახალი უწყება, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.
1 იანვრიდან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა.
ცვლილებების მიხედვით, იმისთვის, რათა პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვა ერთმა და იმავე ორგანომ არ გასცეს, შეიქმნა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობაზე იქნება პასუხისმგებელი. ახალი სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო მონიტორინგს გაუწევს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას.
,,სააგენტო ასევე დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით. სააგენტო არ დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.
რაც შეეხება სანქციებს, ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე; სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, რომელიც პროდუქტის რეალიზაციის შეჩერებას შეეხება, გამოიწვევს ეკონომიკური ოპერატორის დაჯარიმებას 1500 ლარამდე; პროდუქტის ამოღების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია 3 000 ლარამდე ჯარიმა; პროდუქტის გამოთხოვის შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა ითვალისწინებს 5 000 ლარამდე დაჯარიმებას; პროდუქტის განადგურების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა კი 7 000 ლარამდე დაჯარიმებას”, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.