ახალი ამბები

სიგარეტი 20 თეთრით გაძვირდა

ზოგიერთი დასახელების სიგარეტი თვენახევარში უკვე მეორედ გაძირდა. საუბარია, “ფილიპ მორისის” მიერ შემოტანილ ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: „Philip Morris-ი“, “პარლამენტი“, „Marlboro“, „L&M-ი“ და ა.შ. აღნიშნული პროდუქციის ფასი კიდევ 20 თეთრით გაიზარდა.

თამბაქოს ჯიხურებში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაძვირება ყველა დასახელების სიგარეტს შეეხება.

„თვენახევრის წინაც გაძვირდა Philip Morris-ის ბრენდის სიგარეტები 20 თეთრით და ახლაც ამდენითვე გაძვირდა. როგორც ვიცით, ყველა ბრენდი უნდა გაძვირდეს“,- აცხადებენ ჯიხურში.

თელავში მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნულ ფაქტს უარყოფითად აფასებს. მათი თქმით, გარდა ბრენდების სიგარეტისა, ასევე გაძვირდა თამბაქო, რის გამოც ისინი პროდუქტის ყიდვისას მეტ ფულს ხარჯავენ.

,, მწეველები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. გაძვირდა ფილტრიანი სიგარეტიც და თამბაქოც. სამმაგი ფასი აქვს ყველა დასახელების პროდუქტს. ამით მწეველების რაოდენობა კი არ შემცირდება, მეტი ფული დაგვეხარჯება სიგარეტის ყიდვაში და უფრო მძიმე სოციალურ პირობებში მოგვიწევს ცხოვრება”, – განუცხადეს knews. Ge-ს თელავში მცხოვრებლებმა.

ცნობისთვის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ პროდუქტზე ფასი უკვე მეოთხედ გაიზარდა.