თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს.
საზეიმო ღონისძიება თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე პედაგოგებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა მიმართა.
მან სასწავლო დაწესებულების მუშაობის, მიღწევებისა და განხორცილებული პროექტების შესახებ ისაუბრა.
ირმა შიოშვილმა ასევე სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
,,თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ცოდნის კერა, ის კახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და წინსვლის გასაღებია. ამ კედლებში ცოცხლობს კახეთის ისტორია.
თელავის უნივერსიტეტი 80 წლის იუბილეს წელგამართული ხვდება. სულ ცოტა ხნის წინ სასწავლო დაწესებულებამ წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი, რასაც ევროპული სტანდარტების დანერგვა და უამრავი გამოწვევები ახლდა თან.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად ჩამოყალიბდა კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, შეიქმნა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი სხვადასხვა ელექტრონული ბაზები. გარდა ამისა, კვლავ ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.
ჩვენ ვამაყობთ აგრარული მიმართულების ლაბორატორიით, რომელიც სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ნიადაგის ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს ატარებს.
ასევე შეძენილია თანამედროვე აპარატურა და სულ მალე დავიწყებთ ღვინის ქიმიური შემადგენლობის, ორგანული ნივთიერებების და ტოქსინების კვლევას.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი განახლებული გარემოთი შეხვდება. დასრულდება მთავარი კორპუსის შიდა რეაბილიტაცია’’,- განაცხადა ირმა შიოშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.
მან უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი ინფორმაციით, სამინისტრო, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კორპუსის რეაბილიტაციას დააფინასებს.
გარდა ამისა, ერთ- ერთ კორპუსში, ქართულ- გერმანული უმაღლესი პროფესიული კოლეჯიც განთავდსება, რომელიც აგრარული მიმართულების იქნება.
,,თელავის უნივერსიტეტი არის ღირსეული გამგრძელებელი იმ დიდი ინტელექტუალური ტრაციდიციებისა, რომლიც კახეთშია.
იმ ტრადიციების, რომელიც დაიწყო იყალთოს აკადემიით და გაგრძელდა ერეკლე მეორის საგანმანათლებლო პოლიტიკით, რომელსაც მოყვა ფილოსოფიური და სახღვთისმეტყველო სკოლის მუშაობა.
სწორედ ამ დიდი ისტორიის გამგრძელებელია თელავის უნივერსიტეტი.
წელს სამინისტრო იღებს ვალდებულებას, რომ უნივერსიტეტის ყველა კორპუსს და გარე ფასადს სრული რეკონსტრუქცია ჩატარდება, ასევე გაიხსნება ქართულ-გერმანული უმაღლესი კოლეჯი’’,– განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს, პარლამენტის წევრები და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებიც ესწრებოდნენ.