ახალი ამბები

გურჯაანის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 2019 წელთან შედარებით, 2 მლნ ლარით არის გაზრდილი და 15 მილიონ 810 ათას ლარს შეადგენს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად განისაზღვრა სოციალური უზრუნველყოფა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები, ახალგაზრდული ღონისძიებები, დასუფთავების სერვისი და სხვა.

,,ბიუჯეტიდან დასუფთავების კუთხით გაიზარდა დაფინანსება. ასევე სოციალური პაკეტების დაფინანსება გაიზარდა 100 000 ლარით და მთლიანად შეადგინა 1 მილიონ 650 000 ლარი. ასევე გაიზრდება სკოლამდელი აღზრდის კუთხით დაფინანსება და შეადგენს 3 მილიონამდე ლარს.

ინფრასტრუქტურული მიმართულება ორი კოდით განისაზღვრა. ცალკეა გზები, წყლები, ხევები, საკანალიზაციო სისტემები და მათი მოვლა პატრონობა. ეს მიმართულება დაფინანსდება 4 მილიონამდე ლარით. დასუფთავების მიმართულება 1 მილიონ 320 000 ლარით დაფინანსდება”,- განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.