აწარმოე საქართველოში ახალი დარგების დაფინანსებას გეგმავს
პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი მიმართულებები დაემატა.
მთავრობის დადგენილებით, პრიორიტეტული დარგების ჩამონათვალშია: საზღვაო თევზჭერა, კერამიკის წარმოება, ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი და ისეთი ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ), ასევე სათავგადასავლო ტურიზმი.
Bm.ge -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დღეს დაახლოებით 30-მდე თევზსაჭერი გემი (სეინერი) არსებობს, რომლებზეც 500-მდე ქართველი მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები უკვე ძველია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, 8 გემს კი სტატუსი აქვს შეჩერებული.
კერძოდ, “აწარმოე საქართველოში” პროგრამაში შესული ცვლილებები ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას 2-წლიანი ვადით.
“გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100 000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო სესხის მოცულობა 150 000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე. შედეგად, ადგილობრივი მეთევზეები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენას. მთავრობის ინიციატივა “აწარმოე საქართველოში” თევზჭერის მიმართულების დამატების შესახებ ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას და თევზჭერი ფლოტის მნიშვნელოვან განახლებას და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც შედეგად თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოიტანს”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
რაც შეეხება ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტში სესხის თანადაფინანსების ლიმიტს, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ლიმიტი არასაერთაშორისო ბრენდის ობიექტებზე 200 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე, საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კი – 6 მლნ ლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტებზე სასტუმროს აშენებისთვის სესხის თანადაფინანსების ლიმიტი 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.
ამასთან, უკვე შერჩეულია 20 ლოკაცია და სამინისტროში პირობას დებენ, რომ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით ბიზნესს მხარში დაუდგება.
რაც შეეხება ისეთი ტურისტული სერვისების კომპონენტს, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ), ასევე სათავგადასავლო ტურიზმი, კომპანიებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ამ მიმართულებით წარმართავენ, სახელმწიფო მათი საბანკო სესხის თანადაფინანსებას შესთავაზებს. სესხის ლიმიტი 150 000 ლარიდან 5 მლნ ლარამდეა. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მაღალშემოსავლიან და ექსტრემალურ დასვენებაზე ორიენტირებული ტურისტული ნაკადების შემოყვანას.
მთავრობის დადგენილების თანახმად, იმ პრიორიტეტულ მიმართულებს შორის, რომელიც სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” დაემატა, არის ტურისტული სერვისები – თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი.
„ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივი, გამწევი ძალა, გარდა სასტუმროებისა, დავამატეთ ე.წ. ტურისტული სერვისები – ეს არის თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი. ამ მიმართულებების განვითარება, განსაკუთრებით რეგიონებში, მოგვცემს მეტი ტურისტის მოზიდვის, ასევე მეტი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობას ამ მზარდ და პერსპექტიულ სექტორში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
კიდევ ერთი დარგი, რომელიც პრიორიტეტული გახდა, ქართული წარმოების კერამიკული ნაწარმის დაფინანსებაა.
“კერძოდ, ეს არის კერამიკული საშენი მასალების განვითარება, სანტექნიკური ნაკეთობების განვითარება, რადგან დღეს, საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა ძირითადად იმპორტით არის დაკმაყოფილებული. რეალურად კი ქართული კერამიკული ნაწარმი არის ძალიან პერსპექტიული და ჩვენ ამ დარგს განსაკუთრებით დავეხმარებით”, – ამბობს ნათია თურნავა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, პროგრამის “აწარმოე საქართველოში” შეტანილი სიახლეები, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიკროგრანტების კომპონენტსაც ითვალისწინებს.
აქვე აღსანიშნავია შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის. კერძოდ, როგორც მთავრობამ გადაწყვიტა, პროგრამის “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში გაიცემა მიკროგრანტები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მცირე, მაგრამ მაინც თანადაფინანსებას.
“მაღალმთიან რეგიონებში ადამიანებისგან ორჯერ უფრო ნაკლები თანადაფინანსება იქნება მოთხოვნილი, ვიდრე სხვა რეგიონებში”, – განმარტა ნათია თურნავამ მედიასთან ამ თემაზე კომენტირებისას.
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტში 2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია. ჯამში დაფინანსებულია 9 384 ბენეფიციარი.