საპროტესტო წარწერების დატოვება გურჯაანის ყველა სოფელში იგეგმება
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში საპროტესტო წარწერების ,,ამ ცხოვრების დედაც” და ,,სისტემა კლავს” დატოვებას გეგმავს.
ჯგუფის ერთ- ერთი წევრის, უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი 15 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.
,,პროტესტის ნიშნად წარწერები გურჯაანში, შენობების ნაწილზე, დავტოვეთ. ლუკა სირაძე ძალადობის ბოლო მსხვერპლი უნდა იყოს, ახალგაზრდების სიკვდილი აღარ უნდა დავუშვათ. საღამოდან, წარწერების დატოვება მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში იგეგმება”,- განაცხადა უჩა ქემაშვილმა.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
10 დეკემბერს “112“-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.
არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ის საავადმყოფოში გადაიყავნეს, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ფოტო: უჩა ქემაშვილი