ყვარელში მოქმედმა აგროტურისტულმა ცენტრმა წლის სოფლის ტურიზმის ნომინაციაში გაიმარჯვა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოქმედი აგროტურისტული ცენტრი, ღვინის ეზო N1, სოფლის ტურიზმის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.
აგროტურისტული ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაზე 380 ნომინანტს შორის, 29 გამარჯვებული გამოვლინდა.
აგროტურისტული ცენტრი აერთიანებს ოჯახური ტიპის მარანს, ეზოს, სახლს, თონესა და არყის სახდელს.
ტურისტული ობიექტი ღვინის ეზო N1 წარმოადგენს სოციალური ტურიზმის ობიექტს, სადაც შესაძლებელია ადგილზე წარმოებული რამდენიმე სახეობის ქვევრის ღვინისა და არყის დეგუსტაცია და კახური ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
,,ღვინის ეზო N1 უცხოელ სტუმრებს მეღვინეობის ტრადიციას, გასტრონომიას, ეთნოგრაფიას და რეალურ ყოფა-ცხოვრებას აცნობს. ტურისტული ობიექტი ქინძმარაულის უნიკალურ მიკრო ზონაში მდებარებს, რომელიც საუკეთესო ადგილია ღვინის წარმოებისთვის.
ღვინის ეზო N1 განსხვავებული კონცეფციის მქონე ობიექტია. ეს არის მეღვინეების ოჯახი, რომელიც ქვევრის ღვინოს აწარმოებს სამი თაობის მარანში.
ობიექტი განკუთვნილია აგრო, ეკო, გასტრო და ღვინის ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის, ვისაც აინტერესებს რეალური ყოფა-ცხოვრება საქართველოში”,– განაცხადეს აგროტურისტული ცენტრის წარმომადგენლებმა.
ტურისტული ობიექტის შექმნის იდეა ორი წლის, წინ პროფესიით ჟურნალისტს თიკა დუღაშვილს გაუჩნდა, რომელმაც, მიატოვა სამსახური თბილისში და საცხოვრებლად კახეთში გადავიდა.
თიკა გასულ წელს წლის ქალ მეწარმედ დასახელდა და იგი ოჯახთან ერთად წარმატებით აგრძელებს მუშაობას ტურიზმის ინდუსტრიაში.
ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება Welcome to Georgia! და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია თბილისში გაიმართა.
იხილეთ ამავე თემაზე: