თელავში საშობაო ფესტივალი გაიმართა
თელავში საშობაო ფესტივალი გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დღის განმავლობაში მოწყობილი იყო ბავშვებისთვის გასართობი სივრცე, სხვადასხვა სახის ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საახალწლო ნუგბარის და სასმელის დეგუსტაცია.
ფესტივალში მონაწილეობა 40-მდე კომპანიამ მიიღო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, დღის განმავლობაში როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები.
მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობა როგორც ადგილობრივმა, ასევე სხვა რეგიონებში მომუშავე მწარმოებლებმა მიიღეს.
,,გვინდოდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი საშობაო ბაზრობა ყოფილიყო მასშტაბური. შესანიშნავი პარტნიორი გვყავს ,,ელიტ ივენთის” სახით, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებაში.
საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი მეწარმეები, რომელთა წარმოებული პროდუქციაც იყო გამოფენილი. სტუმრებს აქ შეეძლოთ დაეგემოვნებინათ კახური ნუგბარი, ჩურჩხელა და შეეძინათ როგორც ხელნაკეთი ნივთები, ასევე ფუტკრის პროდუქტები.
გარდა ამისა, ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. თელავის მე-4 საჯარო სკოლა კი იყო წარმოდგენილი ნაძვის ხეების კოლექციით”,- განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, საშობაო ფესტივაი საქელმოქმედო ხასიათს ატარებდა. მათივე თქმით, შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცემა.
ფესტივალის მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.