თელავში მარიამ გულბანის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
თელავში, ტექნოპარკში რეჟისორ მარიამ გულბანის დოკუმენტური ფილმის, “სანამ მამა დაბრუნდება” ჩვენება გაიმართა.
ფილმის რეჟისორის მარიამ გულბანის თქმით, „სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც პანკისის ხეობაში ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს.
,,ფილმში მოთხრობილია პანკისის ხეობაში მცხოვრები ორი ახალგაზრდას ცხოვრებაზე. ფილმის საუბარია რა პრობლემები ჰქონდათ ადრე და ახლა როგორი ცხოვრებაა ახალგაზრდებისთვის იქ.
დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც აჩვენეს და ასუანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა.
გარდა ამისა, ფილმი მონაწილეობდა “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალში” და წარდგენილი იყო ნომინაციაზე “ადამიანის უფლებები კინოში”,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ გულბანმა.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ადამიანის უფლებების შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მონაწილეობით.
კინოჩვენება და დისკუსია ჩატარდა ევროკავშირის ეგიდით, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომლის სლოგანია “ახალგაზრდები ადამიანის უფლებათა დასაცავად.”