ახალი ამბები

კახეთიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

კახეთის მუნიციპალიტეტებიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობამ 2-3 ლარით მოიმატა. მგზავრების თქმით, ლაგოდეხიდან თბილისში მგზავრობა 8-ის ნაცვლად 10 ლარი გახდა.
მიკროავტობუსის მძღოლები განმარტავენ, რომ მგზავრობის გაძვირება საწვავზე ფასის ზრდამ გამოიწვია.
„მგზავრობის საფასური გავაძვირეთ, რადგან საწვავის ფასი გაიზარდა. თანხა თბილისის მიმართულებით მომატებულია ორი ლარით. საწვავი თუ გაიაფდება, ფასი დაიწევს, თუკი გაძვირდება, მოგვიწევს ჩვენც ფასის მომატება“, – აცხადებენ მძღოლები.
ისინი მიუთითებენ, რომ კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მოკროავტობუსები თავად მძღოლების საკუთრებაა. ავტოსადგურები, კი სადაც ბილეთები იყიდება, კერძო შპს-ს ეკუთვნის. ყოველი გაყიდული ბილეთიდან ამ კომპანიას ერთი ლარი ერიცხება. მათი განმარტებით, ფასის რეგულაციაზე ავტოსადგურები და მძღოლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას.
თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა ასევე თელავიდან და სიღნაღიდანაც.
ადგილობრივების თქმით, სიღნაღიდან დედაქალაქში მგზავრობის მიზნით 6-ის ნაცვლად 7 ლარს იხდიან, თელავი-თბილისის მიმართულებით კი კერძო ტაქსით მგზავრობამ სამი ლარით მოიმატა და 15 ლარი გახდა.
,,2 თვეზე მეტია, რაც მგზავრობის საფასური გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თელავიდან თბილისის მიმართულებით გომბორის გზის გავლით მოკლე გზაა, მგზავრობის საფასური მაინც გაიზარდა, რაც ჩვენზე უარყოფითად აისახა”,– განუცხადა knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ლელა გოგოლაძემ.
მძღოლების ინფორმაციით, საწვავზე ფასის მომატების შემთხვევაში მგზავრობის საფასურიც კიდევ გაიზრდება.