ახალი ამბებივიდეორეპორტაჟითვითმმართველობასტატიები

თელავში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თელავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი დამსწრე აუდიტორიას გააცნეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 მილიონს აღწევს. მომავალ წელს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება.
მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული მიმართულება 7 მილიონი ლარით დაფინანსდება, დასუფთავების და გარემოს დაცვის მიმართულებით 1 მილიონზე მეტი ლარით, განათლების კუთხით მომავალ წელს 5 მილიონ ლარს გადააჭარბებს, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის მიმართულებით 4 მილიონზე მეტი, ხოლო ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 2 მილიონ 410 ათასი ლარით დაფინანსდება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე განმარტავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით გაიზრდება.
,,2020 წლის ბიუჯეტის სასტარტო თანხა გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი. შარშანდელი პროგნოზით ბიუჯეტი 24 მილიონამდე იყო განსაზღვრული, თუმცა წლის ბოლოს ბიუჯტის ჯამური თანხა 38 მილიონ ლარს გასცდა. მომავალ წელსაც სხვადასხვა პროექტების ხარჯზე თელავის ბიუჯეტი 35 მილიონის ფარგლებში იქნება’’,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ წარდგენილი შენიშვნები და ინიციატივები.
,,გენდერული საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ინიციატივები ეხებოდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და ტროტუარების ადაპტირებას. ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 60 000 ლარი. ასევე მოქალაქეთა ინიციატივის საფუძველზე რამდენიმე საკვანძო ადგილას პანდუსების მოსაწყობად ცალკე თანხაა გამოყოფილი.
თელავის საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივა იყო, რომ სააკაძის ქუჩაზე ე.წ იორდანეს წყალთან არსებული კედელი მოიხატოს. ვფიქრობთ, ეს საკითხი შესაძლებელია განვიხილოთ 2019 წლის ბიუჯეტიდამ ნაშთის განაწილების დროს. გარდა ამისა, იყო რამდენიმე წინადადება ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელების, ზებრების განახლებისა და შუქნიშნების მოწესრიგების მიმართულებით.
ამასაც დავუჭირეთ მხარი და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე და შიდა გზებზე ზებრების მოწყობაზე თანხა არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება თელავის ბაზართან ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებისათვის ტროტუარების მოწესრიგების შესახებ ინიციატივას, ესეც გათვალისწინებულია ბიუჯეტში.
მოსახლეობის მოთხოვნაზე, რომ ქალაქ თელავში რუსთაველისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე განთავსებული საკომუნიკაციო ჭების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს, ამაზეც ვიმსჯელეთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ჭები არის წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაში, გვაქვს აქტიური კომუნიკაცია კომპანიასთან და ვფიქრობთ, საკითხის მოწესრიგებას დაიწყებენ.
მთლიანობაში უნდა აღნიშინოს, რომ ბიუჯეტირების პროცესში როგორც საკრებულოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ყველა ის წინადადება განვიხილეთ და შესაძლებლობის ფარგლებში, გავითვალისწინეთ ბიუჯეტის პროექტში.
გარდა ამისა, იანვრის თვეში მოხდება გაუთვალისწინებელი და გაუნაწილებელი ნაშთის განაწილების პროცესი, რომლის დროსაც შესაძლებელია ბევრი ინიციატივისა და პროექტის გათვალისწინება’’,განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
საჯარო განხილვას თელავში მცხოვრები ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ. მათი განმარტებით, აუცილებელია ახალგაზრდული საკითხები თავად ახალგაზრდებმა დააყენონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მუნიციპალურ განვითარებაში.
,,დავესწარი ბიუჯეტის პროექტის განხილვას, სადაც დეტალურიად იყო საუბარი თუ რა ცვლილებები შედის ბიუჯეტის პროექტში და რა რეკომენდაციები აქვს საკრებულოს. ჩვენ ამ პროცესში ვერ ვხედავთ ახალგაზრდების საჭიროებისკენ მიმართულ თანხას.
აუცილებელია ძალისხმევა გამოვყოთ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე, ასევე რეკომენდაციაა, რომ ამ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რომელსაც არა ახალგაზრდული სამსახური განკარგავს, არამედ ახალგაზრდების რეკომენდაციით გაიხარჯება.
უნდა იქნეს წამოწეული ახალგაზრდული იდეები და განხორციელდეს ახალგაზრდული პროექტები, რომელიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს’’,განაცხადა თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ნინი ბოჭორიძემ.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.