გურჯაანში 6 ადგილი მთავრობამ საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საპრივატიზებო რუკის მიხედვით, გურჯაანში 6 ადგილის პრივატიზება იგეგმება.
სააგენტოს მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 4 799 კვ.მ ტერიტორიაზე მოეწყობა სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი კი 14 397 ლარია.
საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა სოფელ გურჯაანში 46 226 კვ.მ ფართობი, რომლის დანიშნულებაა სავაჭრო/სასაწყობე ობიექტის მოწყობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ღირებულება 260 530 ლარით განისაზღვრება.
საპრივატიზებო ადგილების რუკაზე ასევე მონიშნულია ქალაქ გურჯაანში აღმაშენებლის ქუჩა №144 40 554 კვ.მ. ფართობი, სადაც სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იქნება შესაძლებელი. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 1 525 771 ლარს შეადგენს.
საპრივატიზებო ნუსხაში ასევე შევიდა ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩაზე მდებარე 9 810 კვ.მ მიწის ფართობი, რომლის დანიშნულებაა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 196 200 ლარია.
მთავრობოს გადაწყვეტილებით ასევე იგეგმება კოსტავას ქუჩაზე, I შესახვევი №4-ში 9 277 კვ.მ. ფართობის პროვატიზება, რომლის სავარაუდო დანიშნულებაა სასტუმროს/საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 337 140 ლარს შეადგენს.
საპრივატიზებო რუკაზე ასევე მონიშნულია სოფელ ჩალაუბანში 786 კვ.მ ფართობი, რომლის დანიშნულება სავაჭრო ობიექტის მშენებლობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასია 9 432 ლარი.
მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღის ფარგლებში სულ 117 ობიექტს გაყიდის, რომლის საშუალებითაც ეკონომიკის სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს.
კახეთის რეგიონში საპრივატიზებო ნუსხაში ჯამში 19 ადგილი მოხვდა.