ახალი ამბები

კახეთში ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის 28 წერტილი შეირჩა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობას შეისწავლიან.

კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში შესწავლილი 57 წერტილიდან 28 კახეთის რეგიონშია მონიშნული.

სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა და მასში სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებთან და სპეციალისტებთან ერთად საქაერონავიგაციის წარმომადგენლები შედიან.

საფრენი მოედნების მოწყობის შეფასების პროცესის ფარგლებში სააგენტომ შეარჩია ყველა ის გეოგრაფიული წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია აეროდრომის მოწყობა და ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით მიზანშეწონილია არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.

,,საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი ყველა წერტილის შესახებ მომზადდება დეტალური დასკვნა და ელექტრონული რუკა, რომელიც საჯაროდ განთავსდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ვერტმფრენის საფრენი მოედნის მოწყობა და ექსპლუატაცია აეროდრომისაგან განსხვავებით არ მოითხოვს დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს.

ვერტმფრენი თვითმფრინავისგან განსხვავებით ხასიათდება, რთულად მისადგომ ადგილებზე საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობით და მოქნილობით. საფრენი მოედნის მოწყობა შესაძლებელია ბუნებრივ-საფარიან ზედაპირზეც, სადაც ასევე არ არის საჭირო სამგზავრო ტერმინალისა და სხვა დამხმარე ნაგებობის აშენება”,– აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.