ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თუშეთს მძიმე ტექნიკა გადაეცა
იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ და ააიპ “თუშეთის განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა ზურა ბაბულაიძემ შეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოში გაიმართა. მიმდინარე წელს იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი, რომელიც თუშეთისთვის მძიმე ტექნიკის შეძენას ითვალისწინებს.
როგორც knews.ge-ს თუშეთის განვიათრების ფონდში განუცხადეს, მძიმე ტექნიკა გამოყენებული იქნება თუშეთში გზების გასაწმენდად და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად, რათა ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაიზარდოს შიდა მიმოსვლის შესაძლებლობები და ხელმისაწვდომობა, როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ.
იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში, იაპონიამ 176 საგრანტო პროექტი დააფინანსა, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში გარემოს დაცვას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას და საერთო ჯამში, მდგრად განვითარებას.