ახალი ამბები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას გერმანიის ფედერალური პროკურატურა გააგრძელებს

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას გერმანიის ფედერალური პროკურატურა გააგრძელებს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურორები მიიჩნევენ, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსული დაზვერვა იყო ჩართული.

„ეს ფაქტი გერმანიის, დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს, განსაკუთრებით სკრიპალების სკანდალის შემდეგ“, – წერს „როიტერსი“.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონში გასულ წელს მოწამლეს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მას გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შსს-მ ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის ომში.

გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც მოქმედებდა ვადიმ სოკოლოვის პასპორტით.

ფოტო: რეგინფო