ამერიკულმა გემმა ფოთის პორტში 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში ამერიკულმა გემმა ფოთის პორტში 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ ხუთწლიანი პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს შორის შეთანხმებით დაიწყო, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია Land O’Lakes ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.
მისი თქმით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილი შეიტანოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში.
„მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. ერთი მხრივ, საქართველომ ხარისხიანი ხორბალი მიიღო, მეორე მხრივ კი, ხორბლის მონეტიზების შემდეგ, თანხები მთლიანად მიმართული იქნება საქართველოს მეცხოველეობის განვითარებისთვის.
მომავალი წლის დასაწყისში ამერიკიდან კიდევ შემოვა ხორბალი, რომელიც ღია, გამჭვირვალე, საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით მიეწოდება საქართველოს წისქვილ-კომბინატებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემოტანილი ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი მაღალია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა, ქეთევან კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკული ხორბლის საქართველოში შემოტანა ბაზრების დივერსიფიკაციის წარმატებული მაგალითია.
ფოთის პორტში, ხორბალი ამერიკული თბომავლით „ატლანტიკ რანერ II“ შემოვიდა. თბომავლის დაცლა ფოთის პორტის მე-10 ნავსადგომზე მოხდა, ტვირთის უსაფრთხოებას ბრიტანული კომპანია DRUM Risk Ltd ახორციელებდა. ხორბალი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში“ დაბინავდა.