გურჯაანში შუქნიშნები ორ გზაჯვარედინზე დამონტაჟდება
გურჯაანში შუქნიშნების დამონტაჟება 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, შუქმნიშნები ქალაქის ორ გზაჯვარედინზე განთავსდება.
კონსტანტინე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტირების პროცესს, მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დიდი დრო დასჭირდა, რისთვისაც ტენდერი სამჯერ გამოცხადდა.
,,ამდენი მცდელობის შედეგად პროექტი უკვე მზად არის. წლის ბოლომდე კი იგეგმება სატენდერო პროცედურების დაწყება, რომელიც დაახლოებით ერთ თვიან ვადას მოითხოვს, ხოლო სამუშაოების ჩაბარებას ორიდან სამ თვემდე დრო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს რომ პროექტი 2020 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. შედეგად, შუქნიშნები, თავისუფლების და წმ.ნინოს ქუჩისა და თავისუფლების და კოსტავას ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყობა”,- განაცხადა კონსტანტინე ბერიძიშვილმა.
ცნობისთვის, გასულ წელს, თბილისის მერიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტს რვა შუქნიშანი გადასცა. მიმდინარე წელს კი გურჯაანის მერიის შესყიდვების განყოფილებას რამდენჯერმე დასჭირდა ტენდერის გამოცხადება, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობის დაგეგმვას, ნაკადის კვლევასა და შუქნიშნების დაპროექტებას მოიცავდა.
მერიის განმარტებით, როგორც ბაზრის კვლევამ აჩვენა, საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც შუქნიშნების მოწყობის პროექტირებაზე მუშაობს და შესაბამისად გართულდა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა.
ქალაქ გურჯაანში ორ გზაჯვარედინზე შუქნიშნების დამონტაჟების პროექტი უკვე მოამზადა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრმა“.