პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე პირებს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მიმართ, პატიმრობის გამოყენების შესახებ.
პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეებზე გავლენის მოხდენის საფრთხე.
დაცვის მხარე, პროკურატურის შუამდგომლობას ნაწილობრივ დაეთანხმა და განმარტა, რომ ბრალდების არგუმენტები, მიმალვის ნაწილში აბსტრაქტულია და მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
,,არსებობს ამ ადამიანებთან ანგარიშსწორების საფრთხე და მათივე უსაფრთხოებისათვის შუამდგომლობის ამ ნაწილს ვეთანხმები”- განაცხადა ადვოკატმა, ელენე ქიშმარიამ.
ორივე ბრალდებულმა, სასამართლო პროცესზე ბრალი სრულად აღიარა.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკსის ხეობის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 36 წლის ვისი მუთოშვილი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავა.