დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) სკოლის მოსწავლეებისთვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, აცხადებს წერილების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ლიკა იმერლიშვილი განმარტავს, რომ კონკურსის თემაა “წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს”.
,,კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გამოგზავნონ თავიანთი წერილები, რომელთა ადრესატი არის გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. შესაძლებელია, რომ ადრესატი იყოს წარმოსახვითი ან რეალური ძალადობის შემთხვევის მსხვერპლი, თუმცა წერილით რეალური მსხვერპლის იდენტიფიცირება დაუშვებელია.
წერილი, სხვა თემატურ საკითხებთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს: მსხვერპლის თანადგომას/მხარდაჭერას, რჩევას, თუ როგორ დაიცვას თავი მსხვერპლმა გენდერული ნიშნით ან/და ოჯახში ძალადობიისგან, მოსაზრებას, რატომ უნდა აიმაღლოს ხმა მსხვერპლმა ძალადობის წინააღმდეგ.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი 16 გმირის ისტორიას ქართულ ენაზე. https://ncce.ge/ka/blogs.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 300 ლარს; მეორე ადგილზე გასულს 200 ლარი გადაეცემა, მესამე ადგილზე გასული – 100 ლარს, ჟიურის რჩეული კი მიიღებს 100 ლარს.
წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მისამართი, ელ–ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სკოლის დასახელება/ნომერი და კლასი. ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წერილი:
ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი.
ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ელ.ფოსტაზე: info@ncce.ge ხელნაწერი წერილის წარმოდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ დასკანირებული ვერსია და შეინახოთ ორიგინალი”,- განაცხადა ლიკა იმერლიშვილმა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს რეგიონებში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლებში.