ერთ-ერთი ვერსიით, პანკისში მომხდარი მკვლელობა ჰესის მშენებლობას უკავშირდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში სისხლიანი გარჩევის დროს მოკლულის ნათესავის, ლუიზა მუთოშვილის ინფორმაციით, ხეობაში მომხდარ ფაქტს პირად კონფლიქტთან არავითარი საერთო არ აქვს.
მისი თქმით, ეს იყო ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, მოკლეს მისი ბიძა. მუთოშვილის მტკიცებით, დანაშაულში მონაწილე ადამიანების უკან დგას ხელისუფლება და პოლიცია.
“ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და ის ადამიანები, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მათ მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის შენებლობას.
დაპირისპირება დაახლოებით, 1-2 თვის წინაც მოხდა იმავე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რაღაცნაირად ჩაწყნარდა სიტუაცია. დღეს ყველაზე მძიმე შედეგი დადგა და შეიწირა ადამიანის სიცოცხლე’’,– განაცხადა მუთოშვილმა.
ცნობისთვის, პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, სამი კი დაჭრილი.