ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატს „გაბედეს“ წევრებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს
ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატს სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
აქტივისტები „მთავარის“ პრესკლუბში მაშინ მივიდნენ, როდესაც გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
ახალგაზრდებმა დეპუტატს სასტვენებითა და ხმამაღალი შეძახილებით შენობა დაატოვებინეს. მაჭარაშვილის პრესკლუბიდან საპატრულო პოლიციამ გაიყვანა.
„გურამ მაჭარაშვილი ორმოცთაგან ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც ჩააგდო პროპორციული საარჩევნო სისტემა, მან ხელი შეუშალა ჩვენი ქვეყნის განვითარებას და უკეთესს მომავალს. ჩვენ ვეცდებით, რომ მათი ხმა არ გავაგონოთ ქართულ საზოგადოებას ისევე როგორც მათ არ ესმით ხალხის ხმა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის ძირითადი ნაწილის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის” და მისი განშტოებების სტილი არ იცვლება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაშიც, ოპოზიციის ეს ნაწილი მაინც დესტრუქციულად იმოქმედებდა.
„რომც ყოფილიყო პროპორციული მიღებული, ისინი მაინც ასე გააგრძელებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს არის მათი სახე, რაც კარგად ჩამოიხსნიან ნიღაბს, მით მეტად დაინახავს საზოგადოება მათ სახეს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
„გაბედეს“ აქტივისტები კი აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმას ყველა იმ დეპუტატის წინააღმდეგ გამოიყენებენ, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა, მათ შორის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველმა ვიცესპიკერმა და სამი კომიტეტის თავმჯდომარემ დატოვა.
გურამ მაჭარაშვილი ერთ-ერთი დეპუტატი იყო, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.