ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი დარბაიძე აირჩიეს
ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძე გახდა.
ის მანამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. დარბაიძე ცესკომ ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეარჩია, ხოლო მოგვიანებით კი კომისიამ თავმჯდომარედ აირჩია. მას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება წარმომადგენლობითმა ორგანომ 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე შეუწყვიტა.
,,გავიგე, რომ ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დატოვა თანამდებობა და შესაბამისად ერთი წევრის ადგილი ვაკანტური გახდა. გადავწყვიტე მიმეღო კონკურსში მონაწილეობა. ცესკომ ამირჩია ჯერ წევრად და შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა- თავმჯდომარედ”,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი დარბაიძემ.
დარბაიძე საოლქო-საარჩევნო კომისიას ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა თანამდებობა ვადაზე ადრე, ოქტომბერში დატოვა. ის თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.