ახალი ამბები

ირაკლი შიოლაშვილი ბოდბისხევში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი ბოდბისხევში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილებმა, ერთმანეთს პიროვნული შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ.

„ოპოზიციის ნაწილი ჩასული იყო ბაზარში. მოგეხსენებათ, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მით უფრო რაიონებში, ერთმანეთის მეგობრები, ნათესავები, ბაზარში მყიდველიცაა, გამყიდველიც და როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, აქვე წინსწრებით უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას.

მათ შორის, შეიძლება იყვნენ პოლიტიკურად როგორც ჩვენი მომხრეები, ასევე ჩვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილები, ესაა ბუნებრივი პროცესი. ვნახე კადრები, სადაც იყო გარკვეული დაპირისპირება.

როგორც პირადად მე, პარლამენტის ერთ-ერთ წევრი არ ვაკეთებ პერსონალურ შეურაცხმყოფელ განცხადებას არც ერთი ჩემი ოპონენტის მიმართ, ასევე უნდა მოიქცეს ყველა ჩვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი, პოლიტიკოსი თუ ადამიანი, რომელიც მომავალში აპირებს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს. მინდა, რომ მომავალში პოლიტიკა იყოს სუფთა“, – განაცხადა შიოლაშვილმა.

შეგახსენებთ, წნორში, ბოდბისხევის ბაზართან სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგ ალეკო ელისაშვილისა და სამოქალაქო მოძრაობის კამპანიის – “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” ფარგლებში აქცია გაიმართა, სადაც აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.