ალეკო ელისაშვილი – მხილების კამპანია კახეთში გაგრძელდება, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს
,, სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წნორში მათ კამპანიის ,, ამხილე მაჟორიტარი” ჩატარება ,, ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არ მისცეს, ისინი მაინც შეეცდებიან მის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, წნორში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო მოძრაობის წევრებს, ოცნების მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ შორის იყვნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კომუნალური სამსახურის უფროსის ძმა, გია გელაშვილი და საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ვანო მირიანაშვილი.
ისინი ელისაშვილის მუნიციპალიტეტის დატოვებისაკენ მოუწოდებდნენ. ისინი ადგილიდან პოლიციამ განარიდა.
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, უკვე თბილისისაკენ გაემგზავრა, თუმცა განმარტა, რომ კამპანიას კვლავ გააგრძელებს.
,, ეს კამპანია გაგრძელდება და ვერავინ შეგვაშინებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, სამოქალაქო მოძრაობის მიერ წამოწყებული მაჟორიტარი დეპუტატების “მხილების” კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ტარდებოდა.
სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა, სიღნაღი- დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის მხილების კამპანია დაიწყეს, რა დროსაც მათ, სოფელ ბოდბისხევის აგრარულ ბაზარში, ქართული ოცნებიდან არჩეული სიღნაღის საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ.
სამოქალაქო მოძრაობის წევრების ინფორმაციით, დეპუტატებმა მათ ბანერები დაუხიეს და მოძრაობის ერთ- ერთ წევრს, ნინო გოგოლაშვილს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.