რას მოიცავს ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების რეგულირების გეგმა
თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის ჯგუფმა დაამუშავა, მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, შემეცნებითი სივრცეების მოწყობას, საცხოვრებელი უბნების და ქუჩების რეაბილიტაციას, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას, მრავალბინიანი სახლების ეზოების რეაბილიტაციას, ახალი ტურისტული ადგილების შექმნას, ავტოსადგომების მოწყობას, ქალაქის ცენტრის განვითარებას და სხვა.
თელავის გენგეგმა გარდა ქალაქის განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობისა, მოიცავს ცენტრალური მოედნის განვითარების ხედვას.
შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის წარმომადგენელი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ კასრელიშვილი განმარტავს რომ თელავის ცენტრალური მოედანი წარმოადგენს სატრანსპორტო და ტურისტული მარშრუტების გადაკვეთის ადგილს და შემდგომი განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერიტორია იქცეს საფეხმავლო მოედნად, მოეწყოს სხვადასხვა სახის შემეცნებითი, კულტურული, გასართობი ინფრასტრუქტურა და სივრცეები
,,ცენტრალური ნაწილის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გადაგეგმარების შედეგად ტერიტორიაზე იქნება 230-მდე ღია ავტოსადგომი, არსებული მდგომარეობით 250 ავტოსადგომია.
ერეკლე II-ის ქუჩისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის წარმოდგენილი კონცეფციის განხორციელების შედეგად მთელი არეალი გადაიქცევა ერთიან საზოგადოებრივ სივრცედ, მოედანი გახდება ე.წ „სამზეუმო კვარტლის“ ცენტრი, მასზე დანიშნულებიდან, საჭიროებიდან, ღონისძიებიდან გამომდინარე, წელიწადის სხვადასხვა დროს შესაძლებელია მოეწყოს განსხვავებული ინსტალაციები.
ტერიტორიას შესაძლებელია დაემატოს რამდენიმე მუზეუმი, მაგალითად არქეოლოგიური, რეგიონის თავისებურებიდან გამომდინარე, ღვინის მუზეუმიც სადეგუსტაციო დარბაზით, საგამოფენო სივრცეები, პავილიონები.
არსებული თეატრის შენობაში დამატებით შეიძლება მოეწყოს კინოთეტარის დარბაზები, სახურავზე კი- რესტორანი. რეკონსტრუქციას საჭიროებს ასევე თეატრთან არსებული სკვერი, რომელიც დღეს გამოუყენებელი სივრცეა. ცენტრი უნდა იყოს მულტიფუნქციური, საღამოს აქტიური და ცოცხალი ორგანიზმი.’’,– განუცხადა knews.ge-ს ვახტანგ კასრელიშვილმა.