ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმა გაორმაგდება
ქვეითად მოსიარულეებისთვის სანქციები მკაცრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით, ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებული ჯარიმა გაორმაგდება და არსებული 10 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება.
უწყებაში განმარტვენ, რომ ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში, კანონდამრღვევი 20-ის ნაცვლად 40 ლარით, ხოლო თუ ზემოაღნიშნულ ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, 50 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
აღნიშნულ ინიციატივას უარყოფითად აფასებენ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები.
მათი თქმით, ავტომანქანების მძღოლები ქვეითად მოსიარულეებისთვის მონიშნულ ადგილებზე არ აჩერებენ, რომ მათ გზაზე უსაფრთხოდ გასდასვლა შეძლონ.
ადგილობრივების განმარტებით, ჯერ უნდა მოხდეს არსებული პრობლემების მოგვარება და კანონის გამკაცრება მძღოლებისთვის, ხოლო შემდეგ ქვეითადმოსიარულეებისთვის მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდა.
,,ზებრა გადასასვლელზე ხან რამდენიმე წუთის განმავლობაში ვდგავარ. ქალაქის იმ ადგილებში, სადაც შუქნიშნები არ არის და მხოლოდ გადასასვლელებია მონიშნული, მძიმე სიტუაციაა რადგან, მძღოლები არ აჩერებენ, რომ გადავიდეთ.
ამიტომ გვიწევს გზაზე გადარბენა, რომ მანქანა არ დაგვეჯახოს. ჯერ უნდა მოხდეს მძღოლებისთვის ჯარიმების გამკაცრება ამ კუთხით და შემდეგ ქვეითადმოსიარულეებისთვის გამკარდეს კანონი და გაიზარდოს ჯარიმები”,- განუცხადა knews.ge-ს თელაველმა მაყვალა გუგულაშვილმა.