თელავში ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე კამპანია დაიწყო
თელავში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული 3 დღიანი კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. კამპანიის მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე მოქალაქეების ინფორმირება. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ ბავშვთა უფლებები სახელმწიფოს მიერ არ არის სათანადოდ რეალიზებული.
მათივე თქმით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, შრომითი სფერო, ასევე საგამოძიებო ორგანოები სათანადოდ ვერ იცავენ ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს.
ღონისძიების ორგანიზაქტორის, კოალიცია ,,ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ წარმომადგენელი, ქეთი კალანდია განმარტავს, რომ სახელმწიფო სამსახურებმა აღნიშნული მიმართულებით არსებული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრასა და სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებისთვის ეფექტური ღონისძიებები უნდა განახორციელონ.
”1989 წელს გაეროს ასამბლეამ მიიღო ბავშვთა კონვენცია, რაც აერთიანებს ბავშვის ყველა ძირეულ უფლებასა და ღირებულებას. ჩვენი კამპანის მიზანია, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ადგილობრივ თვითმართველობას შევახსენოთ, რომ ბავშვის უფლებების რეალიზება არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი საუკეთესო ინტერესების დაცვით. მათი უფლებების დაცვის მიზნით უნდა გატარდეს რიგი ღონისძიებები. ყველა ბავშვი უნდა ცხოვრობდეს საიმედო გარემოში”, – განუცხადა knews.ge-ს ქეთი კალანდიამ.
ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს ამ თემაზე შემუშავებული მანიფესტი გააცნეს და გაიმართა ინსტალაცია ,,ძალადობის წრე“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მიეღო ინფორმაცია ბავთვთა ძალადობის ფორმების შესახებ. კამპანიის ფარგლებში ასევე შემუშავდა პეტიცია, რომელზეც ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია
კამპანიის ორგანიზატორები არიან “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის”, სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), საზოგადოება „ბილიკი“, ასოციაცია „სოციალური ქოლგა“, პროექტი PITA. კამპანია „თქვენთვის შეტყობინებაა“ დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისა და Save the Children-ის მიერ.