16 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
16 საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ჩაგდებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
მესამე სექტორი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, მთავრობამ მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა კრიზისის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.
,,საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი.
ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს საპარლამენტო მანდატები.
ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა და გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ძველი საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტოარჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით”,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. უმარვლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 კანონმდებელი წვიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.