ახალი ამბები

კახეთის რეგიონის მაჟორიტარებიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხოლოდ ირაკლი სესიაშვილმა დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტში კახეთის რეგიონის 6 მაჟორიტარი დეპუტატიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხოლოდ თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა დაუჭირა მხარი.

თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული პარლამენტის პლენარულ სხდომას დღეს არ ესწრებოდა. რაც შეეხება გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატებს, დავით სონღულაშვილს, რომან მუჩიაშვილს, ირაკლი შიოლაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. უმარვლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 კანონმდებელი წვიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, რისთვისაც აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. დაგეგმილი ცვლილებები არჩევნების ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს.