,,ჭიამარიას“ ბრენდის საბავშვო კაბები თელავსა და გურჯაანში იყიდება
საბავშვო სამოსის მწარმოებელი ქართული ბრენდი ,,ჭიამარია” კაბებს თელავსა და გურჯაანში ყიდის. ონლაინ მაღაზიის დამფუძნებელი მარიამ ჭინჭარაძე knews.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბიზნესის დაწყებამდე ადგილობრივი ბაზარი შეისწავლა.
მისი თქმით, მაღაზიის დაარსებიდან დღიდან პროდუქციის რეალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი აქვს და საბავშვო ტანსაცმელზე მოთხოვნა ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება.
24 წლის მარიამ ჭინჭარაძემ ონლაინ მაღაზია ,,ჭიამარია” 2019 წლის 20 მარტს დააფუძნა. ონლაონ მაღაზიაში ამ ეტაპზე სამი ადამიანი დასაქმებული.
,,საქმიანობის დაწყებამდე, თავდაპირველად, რა თქმა უნდა, შევისწავლე ბაზარი და ვიცოდი, საქართველოში როგორი და რა ხარისხის სამოსი იკერებოდა ბავშვებისთვის, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ,,ჭიამარია“ მომხმარებელს ხარისხიან, განსხვავებული სტილის სამოსს ხელმისაწვდომ ფასში შესთავაზებდა, მოთხოვნა აუცილებლად იქნებოდა.
მართალი გითხრათ, ბაზარზე თავის დამკვიდრება ადვილი არ არის. 6 თვეში, თავდაუზოგავი შრომით, ,,ჭიამარიამ“ შეძლო ასობით ერთგული მომხმარებელი შეეძინა’’,– განუცხადა knews.ge-ს მარიამ ჭინჭარაძემ.
,,ჭიამარიას“ სტენდები ჯერჯერობით თელავსა და გურჯაანშია განთავსებული. მეწარმე ამბობს, რომ კახეთის გარდა, პროდუქციაზე სხვა რეგიონებშიც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მარიამ ჭინჭარაძე პირველი მაღაზიის გახსნას თბილისში გეგმავს.
,,ჩვენ, ჯერჯერობით, ონლაინ მაღაზია გვაქვს. პროდუქცია ძალიან კარგად იყიდება რეგიონებში. სწორედ ამიტომ, პირველი სტენდი კახეთში, თელავსა (გერმანული მაღაზია, ერეკლე მეორის ქუჩა N6) და გურჯაანში დავდგით. ,,ჭიამარიას“ კაბებზე დიდი მოთხოვნა სხვა რეგიონებშიც, განსაკუთრებით, ბათუმსა და ქუთაისში.
მომავალში ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას თბილისში და სტენდების დადგმას რეგიონებში. ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვთავაზობთ, როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიურ კაბებს და აქსესუარებს. მომავალში ეს შეთავაზებები გაიზრდება და არაერთ სიურპრიზს მოვუწყობთ ,,ჭიამარიას“ მომხმარებლებს’’, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ჭინჭარაძე.
მარიამ ჭინჭარაძე აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის კაბების შექმნა რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია. მეწარმე განმარტავს, რომ ბრენდის შექმნა ბავშვებისთვის ხარისხიანი და გემოვნებიანი ტანსაცმლის შეკერვა და ამ მიმართულებით ახალი ტენდენციების დამკვიდრებაა.
,,დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტი. ვმუშაობდი რამდენიმე ორგანიზაციაში, თუმცა ეს ის საქმე არ იყო, რისი კეთებაც სიამოვნებას მომანიჭებდა და შევძლებდი საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებას.
,,ჭიამარია“ შეიქმნა პირველ რიგში იმისთვის, რომ გაახაროს ბავშვები და მათ გაულამაზოს თითოეული დღე და ამავე დროს პატარები ქართული, ხარისხიანი და გემოვნებიანი სამოსით შეიმოსონ. ჩვენ გვინდა, დავამკვიდროთ ახალი ტენდენციები’’,- აღნიშნავს knews.ge-შთან საუბრისას მარიამ ჭინჭარაძე.
მეწარმე სამომავლოდ საქმიანობის გაფართობას გეგმავს.