ახალი ამბები

ყვარელში მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი სოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ. არასრულწლოვანი გოგონა გუშინ გაუჩინარდა.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონას მასწავლებელს გაკვეთილიდან ავადმყოფობის მომიზეზებით დაეთხოვა და სამარშრუტო ტაქსით თბილისში წავიდა.

სამარშუტო ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ გოგონამ მგზავრობის დროს, მისი მობილური ტელეფონის საშუალებით, უცნობ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენჯერმე დაურეკა.

მძღოლის ვარაუდით, მამაკაცი, რომელიც გზადაგზა მათი ადგილმდებარეობით ინტერესდებოდა, გოგონას მსგავსად, შესაძლოა, ასევე არასრულწლოვანი იყოს. 15 წლის არასრულწლოვანი ბოლოს ისანი – სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

საქმეზე გამოძიებას ისანი – სამგორის პოლიცია აწარმოებს. მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამართალდამცავები ამ დრომდე ორივე ახალგაზრდის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.