თელავის სასამართლომ ომარ გამყრელიძე უმცროსი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და უმცროსი ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
თელავის რაიონულ სასამართლოში გახმაურებული საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესის მიმდინარეობისას, კვლავ ბრალდების მხარის მოწმე, სოფელ ყანდაურის ტერირორიული ორგანოს რწმუნებული ნანა ტაველიშვილი დაიკითხა. მასთან კითხვები ქონდა ყველა მხარეს.
პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი ტაველიშვილს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე უსვამდა კითხვებს. მოწმემ დეტალრად გაიხსნა მკვლელობის დღეს გამყრელიძეების სახლში არსებული ვითარება.
ტაველიშვილი სწორედ ის პირია, რომელმაც მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს მოაწერა ხელი.
ოქმის თანახმად, გამყრელიძეების საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოებსა და მსუბუქ ავტომობილში, დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო აღმოჩენილი.
ნანა ტაველიშვილმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ის მხოლოდ დალუქვის პროცესს ესწრებოდა.
,,მე ხელი მომაწერინეს, ისე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას არ ვესწრებოდი. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ განვაცხადე, პოლიციის მხრიდან იყო ზეწოლა ჩემზე, რომ ხელი მომეწერა გამზადებული ჩვენებისათვის. ოთხი საათის განმავლობაში, პოლიციის შენობაში, სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ ჩემს დაყოლიებას. ეს იყო, ფაქტობრივად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა”,- განაცხადა პროცესზე ნანა ტაველიშვილმა.
მერის წარმომადგენელმა, სასამართლოს ასევე განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში, ის სოფელში მოძრაობდა და ფაქტის დადასტურება რამდენიმე მოწმეს შეუძლია.
ნანა ტაველიშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში განაცხადა. შესაბამისი განცხადებით, მან პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა.
საქმის პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა, ტაველიშვილის ჩვენების თაობაზე განაცხადა, რომ საქმე მოწმის განცხადებაზე უკვე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს.