საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” ბარსელონას ფეხბურთელი იყიდა
ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი ლეგიონერი ჰყავს. თელავმა ბარსელონას ფეხბურთელი, 23 კამერუნელი ლიონელ ენგუენე იყიდა. კამერუნელი ლეგიონერი საფეხბურთო კლუბ “თელავში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ენგუენე 1996 წლის 7 იანვარს დაიბადა კამერუნის ქალაქ ბერტუაში და ამპლუით ნახევარმცველია. მან ფეხბურთის თამაში ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს სახელობის აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კატალონიაში გადავიდა და 2007-2015 წლებში “ბარსელონას” აკადემიაში ვარჯიშობდა.
2015-2016 წლების საფეხბურთო სეზონი “ბარსელონა B”-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი ჩაატარა და 2016-ის იანვარში იჯარის წესით თურქულ “ანთალიასფორს” მიაშურა, სადაც 6 მატჩი ითამაშა. 2017-წლის იანვრიდან მან პორტუგალიურ “ლეიშოეშში” ჩაატარა 2 მატჩი.
ლიონელ ენგუენეს კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი 3 მატჩი და მან “ბარსელონას” შემადგენლობაში 2013-2014 წლების სეზონის უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.