ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ავარიის შედეგად ახმეტის საკრებულოს წევრი, სოფელ ჯოყოლოს მაჟორიტარი ელიზბარ ბორჩაშვილი დაშავდა.
ბორჩაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან ბრუნდებოდა, სადაც ქუშანაშვილების სახლში ხანძარი გაჩნდა.
თვითმხილველების თქმით, დეპუტატი თანასოფლელებთან ერთად ხანძრის ადგილიდან ბრუნდებოდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მას, შემდეგ კი ელექტრობოძს შეეჯახა.
ავარიისას დაშავებული დეპუტატი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.