სიღნაღში მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
გია გოგოშვილს დაზიანებები თავისა და თვალის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს მკურნალობა წნორის საავადმყოფოში ჩაუტარდა.
გია გოგოშვილის ინფორმაციით, დაპირისპირება სასულიერო პირებთან საქონლის გამო დაიწყო.
მისივე განმარტებით, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მაქანაში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგოშვილი საქმის გამოძიებას და სასულიერო პირების დასჯას ითხოვს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერებთან კონფლიქტი ხშირია, მიზეზი კი, საქონლის მონასტრის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი