გურჯაანში მუხის კასრებისგან დამზადებული ავეჯი თურქეთში გაიყიდება
ღვინისთვის გამოუსადეგარი კასრებით ავეჯის დამზადების იდეა კომპანიის დირექტორ ვასიკო კალანდაძეს ეკუთვნის.
როგორც knews.ge-ს კალანაძემ განუცხადა, კასრებისგან სხვადასხვა დიზაინის ავეჯს ამზადებენ, რომელიც ძირითადად ბარებისა და რესტორნების ინტერიერის მოსაწყობად გამოიყენება.
„მუხის მოძველებული კასრებისგან ავეჯს ვამზაებთ და ეს ჩემი ინიციატივაა. კასრების დამზაების იდეა ევროპაში ვიზიტების დროს მომივიდა. ბარებში კასრებით დამზადებული ავეჯი ბევრჯერ მინახავს, რის გამოც გადავწყვიტე ამ საქმიანობის დაწყება. ამ მიზნით გამოუსადეგარი კასრების შესყიდვა დავიწყეთ, რომლისგანაც თავდაპირველად მარტივი დიზაინის ავეჯი გავაკეთეთ.
ჩვენმა ესპანელმა აქციონერებმა, გერმანიაში პარტნიორები იპოვეს და შარშან ექსპორტზე გავედით. ბაზარზე მოთხოვნა დიდია, ამიტომ მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან ავეჯს შევთავაზებთ, რაშიც პროფესიონალი დიზაინერებიც ჩაერთვებიან. გერმანიაში ექსპორტის გარდა, თურქეთის ბაზარის ათვისებასაც ვგეგმავთ, ამისთვის მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს და დამაბრკოლებელი ფაქტორებიც არ არსებობს“, – განუცხადა knews.ge-ს ვასილ კალანდაძემ.
სააქციო საზოგადოება „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“ 2013 წელს ქართველმა და სამმა ესპანელმა შექმნეს. მუხის კასრების საწარმოებლად 2013 წელს კომპანიამ გურჯაანში მიტოვებული მექანიკური ქარხანა აღადგინა.
საწარმოში, ჯამში, 630 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 550 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
დღესდღეობით კომპანია წელიწადში დაახლოებით ათას კასრს აწარმოებს, ხოლო ნედლეული კი საფრანგეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოაქვთ.
კასრების სიცოცხლისუნარიანობა საშუალოდ 10 წელია. კომპანიას საგარანტიო მომსახურების და რესტავრაციის სერვისი აქვს.