საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრის, ნინო გოგუაძის განცხადებით, არჩევნების პროპორციული სისტემა გამორიცხავს ხელისუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში.
„პროპორციულ სისტემის შემოღებას მრავალი წელი ელოდებოდა საზოგადოება, თუმცა ამ დრომდე, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. მიზეზიც მარტივი იყო – პროპორციული სისტემა გამორიცხავს ხელისუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეს ძალაუფლება არ ეთმობოდა.
რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული პროპორციული სისტემა ბუნებრივი (0%) ბარიერით:
პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებზე 13 000 ამომრჩევლის მხარდაჭერას მაინც მიიღებს;
არჩევნების შემდგომ, საუკეთესო შედეგის მქონე პარტიასაც მოუწევს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა გადაწყვეტილებების მისაღებად;
საზოგადოების ყველა ჯგუფს ეყოლება მისი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკოსი პარლამენტში. იქნება მეტი განსხვავებული მოსაზრება და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი;
გაჩნდება ფუნდამენტურად ახალი გარემო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის ქვეყანაში.
კიდევ უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები 2016 წელს, ნაცვლად 3 პოლიტიკური პარტიისა, პარლამენტში 10 პოლიტიკური პარტია იქნებოდა წარმოდგენილი“, -განაცხადა იურიდიული კომიტეტის წევრმა, ნინო გოგუაძემ.